ზღარბი ბაღის ერთ-ერთ მოუვლელ კუთხეში ცხოვრობდა. ბალახის უკან, ხის მორის ქვეშ, სადაც დღისით იმალებოდა ხოლმე. „დროა, ავდგე და საქმეებს მივხედო“ თქვა ერთხელაც, როცა მზე ჩადიოდა. მანამდე წვიმდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გარეთ ბევრი ლოქორა, ჭიაყელა და ხოჭო იქნებოდა. ეს ამბავი ზღარბს სულაც არ სწყინდა, რადგან მათ გემრიელად მიირთმევდa. ის-ის იყო, მსუქანი ლოქორა იპოვა, რომ ხმა შემოესმა. „ოჰ, ღმერთო“ - თქვა ზღარბმა. მას კომპანია არ უყვარდა. სხვა ცხოველები აშინებდნენ. კარგი იყო, რომ ეკალ-ბარდები იცავდნენ. ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დაგორგლდა. „გამარჯობა“ - დაიძახა წრიპა შაშვმა. როცა ზღარბმა შაშვი დაინახა, ისევ გაიშალა. - ცოტა არ იყოს, შემაშინე. - ბოდიში, - მიუგო შაშვმა. რადგანაც წრიპა შაშვი ლოკოკინებს ჭამდა, ზღარბი კი ლოქორებს, საღამოობით საჭმლის საძებნად გამოსულები ერთმანეთს ხშირად ხვდებოდნენ. როგორც წესი, ერთმანეთს მხოლოდ „გამარჯობას“ და „საღამო მშვიდობისას“ ეუბნებოდნენ. ახლაც მიესალმნენ ერთმანეთს და ზღარბმაც გააგრძელა ნადიმი. შაშვმა ლოკოკინა ქვაზე მიანარცხა, ნიჟარა რომ გაეტეხა. დაახლოებით ისე, როგორც შენ ამტვრევ კვერცხის ნაჭუჭს. შემდეგ კი თქვა „ზამთარი მოდის“. შეშინებულმა ზღარბმა აქეთ-იქით ყურება დაიწყო. „ზამთარი?“ - იკითხა შეწუხებულმა. ჯერ კიდევ პატარა იყო და ზამთარი აქამდე არ ენახა. - ეს მაშინ ხდება, როცა ამინდი ცივია და ნესტიანი. ამ დროს საჭმელი ძნელი საპოვნია. - გააფრთხილა შაშვმა - მე არ ვიშიმშილებ, რადგან ზამთარში კენკრას შევჭამ ბუჩქებიდან. თუმცა, ზღარბი ძალიან შეწუხდა. ის კენკრას არ ჭამდა. ზღარბი მოუვლელ ბაღში ცხოვრობდა....